საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N448 2005 წლის 15 სექტემბერი ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 58-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ 1. დაფუძნდნენ ამ ბრძანების N2, N3, N4, N5, N6, N7 და N8 დანართებით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. 2. დამტკიცდეს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების წესდება (დანართი N1). 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია დანართი 1 საჯარო სკოლის წესდება I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. საჯარო სკოლის სტატუსი
1. საჯარო სკოლა (შემდეგომში - სკოლა) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც N2, N3, N4, N5, N6, N7, N8 დანართების შესაბამისად დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. (27.01.2006 N 70)
2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.